Tag Archives: სტრატეგია

საქართველოს სამხედრო მოწყობა

“სამშობლოს არვის წავართმევთ,

ჩვენც ნურვინ შეგვეცილება!”

    ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ჩემეული ხედვა საქართველოს თავდაცვის სისტემის მოწყობის შესახებ. გარკვეულ წილად ამ თემას წინა პოსტშიც შევეხე, მაგრამ ეს პოსტი არ წარმოადგენს არც წინა პოსტის გაგრძელებას და არც მის განზოგადებას. წინა პოსტის თემა იყო საერთო საჴელმწიფო მოწყობა თავისი სამხედრო კომპონენტითურთ, ხოლო აქ კი ვიხილავთ ჩემეულ ხედვას თავდაცვის სისტემის გამართვის შესახებ, რაც ნებისმიერი ტიპის თავისუფალი საჴელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა

    1

საქართველო თავისი გეოსტრატეგიული არსით წარმოადგნს მნიშვნელოვან ტერიტორიას ევროპა-აზიის გასაყართან და ძირითად საყრდენს კავკასიის რეგიონში. ამიტომ მისი დაუფლებისა თუ მასზე გავლენის გავრცელებისათვის თითქმის ყველა ევრ-აზიურ იმპერიას უბრძოლია. როგორც გალაქტიონი ბრძანებდა:

“ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო;

ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.”

    2

დღევანდელ დღეს საქართველოს მეზობლად 4 საჴელმწიფო მდებარეობს თავისი ანგარიშგასაწევი სამხედრო პოტენციალით. ამას ემატება კიდევ 4 საჴელმწიფო, რომელიც ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით ჩაკეტილი შავი ზღვის სანაპიროს მდებარეობენ. საკუთრივ ამ უკანასკნელთა სამხედრო პოტენციალი მხოლოდ მომარაგების (ლოგისტიკის) კუთხით თუა საინტერესო ჩვენი თავდაცვის სისტემისათვის, რადგან მათ არ გააჩნიათ ჩვენზე და ჩვენს მეზობლებზე მნიშვნელოვანი სამხედრო ზემოქმედების რესურსი. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია, რომ ორი მათგანი (ბულგარეთი და რუმინეთი) არის ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი (ჩვენს უშუალო სახმელეთო მეზობელ თურქეთთან ერთად) და აგრეთვე მონაწილეობენ ახალი ზესაჴელმწიფოებრივი წარმონაქმნის ევროკავშირის მშენებლობაში. ასე, რომ ჩვენს მეზობლად კიდევ ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკურ ერთეულებსაც უნდა გავუწიოთ ანგარიში. აგრეთვე გასათვალისწინებელია ჩვენი მეზობლების სხვა ანგარიშგასაწევი მეზობლების (ირანი, საბერძნეთი, არაბული სამყარო) ინტერესები.

    3

დღეს-დღეისობით საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული დემოგრაფიულ-ეკონომიკური პირობებით. სიცხადისათვის: თავისი მდებარეობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს სამხედრო ძალები დაახლოებით თანაბარი უნდა იყოს: 1) რუსეთის ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქთან და შავი ზღვის ფლოტთან შედარებით; 2) თურქეთის III საველე არმიასთან, შავი ზღვის ფლოტთან და ავიაციასთან შედარებით; 3) სომხეთის სამხედრო ძალებთან შედარებით; 4) აზერბაიჯანის სამხედრო ძალებთან შედარებით კასპიის ფლოტის გამოკლებით. აღნიშნული დღეჲსათვის წარმოუდგენელია. სათქმელია ისიც, რომ ამ 4 სამხედრო ძალას შორის არსებობს დაახლოებითი წონასწორობა.

    4

საქართველოს გააჩნია ძლიერი მხარეებიც. ეს არის ქართველი ერის მაღალი საბრძოლო სულისკვეთება, მისი მეომრული თვისებები და თავდაცვისათვის ჴელსაყრელი მდებარეობა. სწორედ ამას ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილი სამხედრო სისტემა.

საქართველოს დღევანდელი სამხედრო მოწყობა

და თავდაცვითი პოლიტიკა

5

    დღეჲსათვის საქართველოს გააჩნია შეიარაღებული ძალები უმაღლესი მთავარსარდლით ანუ პრეზიდენტით სათავეში. საჴელმწიფო თავდაცვას აჴორციელებს თავდაცვის სამინისრტოს მეშვეობით, ხოლო უშუალოდ არმიას ჴელმძღვანელობს გენ. შტაბის უფროსი, რომელიც უმაღლესი სამხედრო მოჴელეა საქართველოში. თავდაცვის სამინისტროს დანარჩენი სამსახურები წარმოადგენენ საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ, ბიუროკრატიულ და მაკონტროლებელ დაწესებულებებს.

6

    საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოფა სახმელეთო ჯარებად და ეროვნულ გვარდიად. 2008 წლის შეტაკებების დროს განცდილი მარცხის შემდეგ გაუქმდა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო- საჰაერო ძალები. სახმელეთო ჯარები წარმოადგენს მუდმივ ჯარს. იგი შედგება 5 ქვეითი ბრიგადისგან, ორი საარტილრიო ბრიგადისგან, ორი მსუბუქი ქვეითების ბატალიონისგან, თითო საავიაციო, საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის ბრიგადებისგან და რადიო-დაზვერვის ბატალიონისგან. ეროვნული გვარდია კი ეწ. რეზერვის მომზადებითაა დაკავებული. სარეზერვო სისტემა 2008 წლიდან ფაქტიურად მოშლილია. მხოლოდ ბიზანტიელ სტრატილატებსავით აქვთ აწყობილი რაღაც სისტემა სამეგრელოს ზოგიერთ რაიონში.

7

არსებობს რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც საქართველოს თავდაცვით და უსაფრთხოებით პოლიტიკას განსაზღვრავს. ამათგან მნიშვნელოვანია “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია” და “საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია”. პირველი წარმოაგენს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმეტს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს უსაფრთხოების კუთხით, ხოლო მეორე დოკუმენტი მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში განამტკიცებს და აკონკრეტებს პირველი დოკუმენტის იმ პუნქტებს, რომელიც თავდაცვას ეხება.

8

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“ განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ინტერესები, საფრთხეები და გამოწვევები და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული დოკუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თურმე ნუ იკითხავთ და საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ყოფილა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია (წარსულში მომხდარი ფაქტი) და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე (ვითომ ჩვენ გაგვაჩნდეს ისეთი მაღალგანვითარებული ინფრასტრუქტურა, რომლის მწყობიდან გამოყვანა დიდად დაგვწევს უკან, ან რუსეთს კი არა, ჩვენ გვქონდეს ოლიმპიადა ჩასატარებელი ახლო მომავალში). რუსეთის ჴელახალი აგრესია მეორე პუნქტადაა გამოტანილი. როგორც ჩანს, საჴელმწიფო წარსულის განმეორებისათვის ემზადება. დღესავით ნათელია, რომ თუ რუსეთმა აგრესია განაჴორციელა, ის ამას მარტო არ გააკეთებს. ამ შემთხვევაში საქართველოს საფრთხე სომხეთიდანაც ემუქრება. იქნება ეს თავად სომხეთის არმიის მონაწილეობით, ან მის გარეშე მხოლოდ იქ განლაგებული რუსული შენაერთებით. ნუ იტყვით და საქართველოს ეროვნული ინტერესი ყოფილა რაღაც ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაცია (ქართულად გათქვეფა). ეს აშკარა კაპიტულიანტობაა. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გათქვეფა შეიძლება იყოს უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეროვნული ინტერესი. აკი, შოთა რუსთაველიც ასე ბრძანებს:


საქართველო (ტექსტშია ინდოეთი) ჩემი არის,

არ დავუთმობ ჩემგან კიდე;

ვინცა ჩემსას შემეცილოს, მასცა მისით აღმოვფხრიდე;

სხვას მეშველსა, გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”.

9

    “საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია”, როგორც წინა დოკუმენტის ქვემდებარე დოკუმენტი, იმეორებს უსაფროების კონცეფციის შეცდომებს. აქ მთელი თავი ეთმობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან სრული თავსებადობის თემას, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან ჩვენი და მათი მიზნები განსხვავებულია. ბევრი ნაკლის მიუხედავად, ამ დოკუმენტში დანახულია ის, რომ საქართველოს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია ჯარის მაღალი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და თითქმის გამორიცხულია სტრატეგიული უკანდახევა.

10

    აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი სამხედროების მოღვაწეობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის რიგებში უარყოფითად მოქმედებს ქართველთა საბრძოლო სულისკვეთებაზე და ეწინააღმდეგება ამ პოსტის სათაურში გამოტანილი პოეტური სიბრძნის პრინციპს, რომელიც ერთ-ერთი ვარიაციაა საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებისა, რომ ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ. თავად ოკუპანტ ჯარისკაცს გაუჭირდება სხვა ოკუპანტების წინააღმდეგ წრფელი გულით ბრძოლა.

საქართველოს სამხედრო სტრატეგიის ძირითადი პრინციპები

11

როგორც გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ შტაუფენი ამბობდა, ვინც იცავს ყველაფერს, არაფერსაც არ იცავს. საქართველოს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, უპირველესი დასაცავია მთები თავისი სტრატეგიული სიმაღლეებითა და ვიწროებით. თუ ჩვენ მთები დავკარგეთ, დროთა განმავლობაში ყველაფერს დავკარგავთ, ხოლო თუ შევინარჩუნეთ, დაკარგულსაც ადვილად დავიბრუნებთ.

12

    ზემოთ თქმული სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი გოჯი მიწაც (ასევე წყალიც და საჰაერო სივრცეც) კი უსისხლოდ დავთმოთ. პირიქით, ომის შემთხვევაში ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეთ თვით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მოქმედების საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის ობიექტების განადგურება ნეიტრალურ სივრცეში (კოსმოსი, ნეიტრალური წყლები).

13

    უმნიშვნელოვანეს და ურთულეს ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ცხოვრების ასეთუისე ასატანი პირობების შექმნა საომარ ვითარებაში. არ უნდა შეწყდეს სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამრეწველო საქმიანობა.

14

სწორედ ამ სამ ძირითად პრინციპზე, რომ უნდა დავიცათ მთები, ვიბრძოლოთ ყველგან და ვუზრუნველყოთ მოსახლეობის უსაფრთხოების მაღალი დონე, არის დამყარებული ქვემოთმოყვანილი სამხედრო სისტემა.

“ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!

შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი”

15

    საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია საჴელმწიფოსა და მოსახლეობის მხრიდან შეიარაღებული ძალებისათვის ძლიერი მხარდაჭერა. აქ აგრეთვე იგულისხმება ეკლესიის მონაწილეობაც შეიარაღებული ძალების მშენებლობაში. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-მდე უნდა იყოს, რადგან საქმე მართლაც კოლოსალურ მასშტაბებს ეხება.

16

    სამხედრო სტრატეგიის პირველი ძირითადი პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად უნდა ჩამოყალიბდეს სამთო კორპუსი. ჩვენს ყველაზე სავარაუდო მოწინააღმდეგეს-რუსეთს, სწორედ ჩვენს საზღვრებთან ჰყავს სამთო ბრიგადა, რომელიც სამთო კორპუსის მხოლოდ მეოთხედი ძალებით უნდა გავანეიტრალოთ. სამთო კორპუსის ჯარისკაცები ცხოვრობენ ციხე-სიმაგრის ტიპის სამხედრო ბაზებში. ისინი უნდა იყოფიან ორ კატეგორიად: მხედრებისა და ციხიონის. ციხიონი არის ტექნიკური პერსონალი, რომელიც საკუთარი ჴელით აშენებს, შემდეგ იცავს სტრატეგიულ სიმაღლეებზე არსებულ გამაგრებულ პოზიციებს, ხოლო მხედრები სიმაგრეების დაცვასთან ერთად აჴორციელებენ სხვა ოპერაციებსაც.

17

    მეორე ძირითადი პრინციპის განსაჴორციელებლად უნდა ჩამოყალიბდეს საერთო საჯარისო კორპუსი. ამ კორპუსის სამოქმედო არეალმა უნდა მოიცვას ყველა და ყველაფერი. ეს კორპუსი სამ ნაწილად იყოფა. სახმელეთო ჯარების მიზანია საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის დაცვა; საზღვაო-საჰაერო ძალების მოქმედების არეალია შავი ზღვა და მის ზევით და საქართველოს თავზე არსებული საჰაერო სივრცე; სტრატეგიული ჯარების მოქმედების არეალი კი დანარჩენი მსოფლიო და კოსმოსია.

18

    სახალხო ლაშქარი მესამე ძირითადი პრინციპის განსაჴორციელებლად უნდა ჩამოყალიბდეს. მოსახლეობის დასაცავად უნდა შეიქმნას მიწისქვეშა თავშესაფრების მთელი ქსელები, თავიანთი საცხოვრებელი სივრცით, დამაკავშირებელი გვირაბებით, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, ჰაერის წყლისა და ენერგიის წყაროებით, საკვებისა და სხვა პირველადი მოთხოვნილების საგნების მარაგებით, კანალიზაციით და კავშირგაბმულობის საშუალებებით. სახალხო ლაშქარი სწორედ მოსახლეობისგან ყალიბდება თავდაცვის მიზნით. ლაშქარი იყოფა ტერიტორიული პრინციპით. ბრძოლის დროს ისინი აჴორციელებენ თავიანთი რეგიონის დაცვას და მოქმედი არმიის მხარდაჭერას.

19

    ამ გვარეობების ჯარების შეთანხმებულად სამართავად და საინფორმაციო-ტქნიკური მხარდაჭერისათვის უნდა ჩამოყალიბდეს უმაღლესი სამხედრო ჴელმძღვანელობა. შეიარაღებული ძალების ჴელმძღვანელს (იქნება ეს თავდაცვის მინისტრი, გენ. შტაბის უფროსი, თუ თავად საქართველოს მეფე) ემორჩილება გენ. შტაბი თავისი ტოპოგრაფიული სამსახურით და ოპერატიულ მიმართულებათა შტაბებით, სამხედრო-დაზვერვის სამმართველო, სამხედრო საველე სასამართლო, კონტროლისა და ინსპექციის სამსახური და სხვა ბიუროკრატიული დაწესებულებები. სხვადასხვა გვარეობის ჯარების თანწყობილად მოქმედების დასახვეწად აუცილებელია ხშირი ერთობლივი წვრთნების ჩატარება. ჯარების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისათვის აუცილებელია ყველა გვარეობის ჯარში სამედიცინო განათლების ფართოდ დანერგვა და ყველა ქვედანაყოფში პროფესიონალი ექიმის არსებობა.

20

    მიუხედავად იმისა, რომ ზემოთხსენებული მთლიანი შიდა პროდუქტის 10% თავდაცვისათვის საკმაოდ მაღალი დაფინანსებაა, საქართველოს პირობებში ის არ ეყოფა იმ რაოდენობის არმიის მშენებლობა-შენახვას, რომელიც საკადრის წინააღმდეგობას გაუწევს ჩვენი დიდი მეზობლების შემოტევებს. დაფინანსების გაზრდა კი საქართველოს დემოგრაფიულ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, წარმოუდგენელია. ამიტომ აუცილებელია პირველ ეტაპზე სამთო და საერთო-საჯარისო კორპუსების მებრძოლთა სახალხო ლაშქარში გადანაწილება. პირველ ეტაპზე სამთო კორპუსის რაოდენობა უნდა იყოს 16 000, საერთო საჯარისო კორპუსის 20 000, სახალხო ლაშქრის დაახლოებით 120 000 + 10 000, ხოლო უმაღლესი ჴელმძღვანელობის განკარგულებაში უნდა იყოს 4 000 მეომარი (ძირითადად მსტოვრები). შემდგომ ეტაპზე (ეკონომიკის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ან სამხედრო საფრთხის გაზრდისას) სამთო კორპუსი უნდა გაიზარდოს 25 000 კაცამდე, ხოლო საერთო-საჯარისო კორპუსი კი 31 000 კაცამდე. შესაბამისად უნდა შემცირდეს ლაშქარი 20 000 კაცით.

სამთო კორპუსი

21

შტატით სამთო კორპუსის რაოდენობა უნდა განისაზღვროს 25 000 კაცით, აქედან 16 000 მხედარი და 9 000 ციხიონი. თუმცა საწყის ეტაპზე უნდა დავკმაყოფილდეთ 9 000 მხედრითა და 7 000 ციხიონით. საქართველოს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, კორპუსი იყოფა ოთხ თანაბარ ბრიგადად. აქედან ერთი ბრიგადა განლაგებულ იქნება ჩრდილო-დასავლეთ მთიანეთში, მეორე ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიანეთში, მესამე სამხრეთ-დასავლეთ `მთიანეთში, მეოთხე კი ცივ-გომბორისა და თრიალეთის ქედებზე. კორპუსის ჴელმძღვანელობა უზრუნველყოფს განათლებას, ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომარაგებას.

22

    სამთო კორპუსი სტრატეგიულ სიმაღლეებზე და ვიწროებში აწყობს ციხე-სიმაგრის ტიპის მუდმივ (გრძელვადიან) გამაგრებებს. აღნიშნული გამაგრებები შედგება საცეცხლე წერტილებისგან (სანგარი, ქვაბული, ან სხვა ტიპის გამაგრება), რომლებიც გვირაბებით დაკავშირებული იქნება მიწისქვეშა დარბაზებთან. საცეცხლე საშუალებათა გარკვეული ნაწილის მართვა და ტერიტორიის თვალ-თვალი მოხდება დისტანციურად, რასაც განაჴორციელებს ციხიონი. ციხიონის გარდა სიმაგრეში განლაგდებიან მხედრები. ისინი უშუალოდ ჩაერთვებიან ბრძოლაში. სიმაგრეთა გარშემო მდებარე ტერიტორია, საცეცხლე წერტილები, გვირაბები და თვით დარბაზები ინაღმება ციხიონის მიერ მართული ნაღმებით. სიმაგრის გარნიზონს უნდა ჰქონდეს საოტი გვირაბი ფარული გასასვლელებით და თავშესაფარი კამერები.

23

სიმაგრეები არის შემდეგი კატეგორიის: დოტი წარმოადგენს მიწისქვეშა დარბაზს, რომელსაც იცავს 3-4 ციხიონი, გააჩნია დისტანციურად მართული საცეცხლე საშუალებები სათვალთვალო კამერები, საოტი გვირაბი; კოშკი მიწისქვეშა დარბაზია ერთი-ორი საცეცხლე წერტილით, დისტანციურად მართვადი საცეცხლე საშუალებებით, საოტი გვირაბით (ან გვირაბებით) გარნიზონი 4 მხედარი და 3-9 ციხიონი; გოდოლი შედგება 2-3 ერთმენეთთან დაკავშირებული მიწისქვეშა დარბაზისგან, 3-4 საცეცხლე წერტლისგან და გააჩნია ხანგძლივი წინააღმდეგობისათვის აუცილებელი მარაგი და რამდენიმე საოტი გვირაბი, გარნიზონი 16 მხედრისგან და 9-25 მეციხოვნისგან; ციხე წარმოდგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე გოდოლსა თუ კოშკს. ციხეს ამასთანავე გააჩნია გამაგრებული პერიმეტრი (გალავანი), წყლის, ჰაერისა და ენერგიის წყაროები, თავშესაფრის ქსელი ჯარისკაცთა კომლებისათის, შეჭურვილია შორს მსროლელი საარტილერიო დანადგარებითა და ნაღმტყორცნებით, სარაკეტო-გამშვები მოწყობილობებით, სარაკეტო-საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და სხვა ტექნიკით. სასურველია, ციხეში მოქმედებდეს საწარმოები.

24

    სამთო ბრძოლების გამოცდილებით შეიძლება დავასკვნათ, რომ აქ ერთ მეომარსაც კი შეუძლია დიდი ჯარისთვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ სხვადასხვა დონის ოპერაციების დაგეგმის დროს აუცილებელია თითოეული მებრძოლის გათვალისწინება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ მხედართა კვადრატული სისტემით მოწყობის შესახებ. ანუ, უმცირესი ტაქტიკური ქვედანაყოფი იქნება 4 მებრძოლი, შემდეგი 4 ოთხეულისგან შემდგარი ჯგუფი, შემდეგი 64 კაციანი დაჯგუფება, შემდეგი 256 კაციანი ქვედანაყოფი, შემდეგ 1024 კაციანი ათასეული.

25

    კორპუსის ტაქტიკა და შეიარაღება სპეციფიკურ ხასიათს ატარებს. როგორც შეიძლებოდა დაგვენახა, კორპუსი საკმაოდ დეცენტრალიზებულია. ეს განპირობებულია იმით, რომ კორპუსი სტატიკური არმიების ტიპს განეკუთვნება და მობილურობა საკმაოდ დაბალია (სამაგიეროდ მაღალია დაცულობის ხარისხი). აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია თითოეული მებრძოლისა თუ მეთაურის პირადი თვისებები. ბუნებრივი პირორბებიდან გამომდინარე, ქვედანაყოფებმა ხანგძლივი დროჲს მანძილზე უნდა უზრუნველყონ დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოება. თუმცა, ეს სავსებით არ ნიშნავს ერთიანი მართვის უქონლობას. პირიქით, არ უნდა არსებობდეს ციხე, რომელიც ვერ იქნება მხარდაჭერილი სხვა ციხეთა მიერ. შეიარაღებაში მნიშვნელოვანია რაც შეიძლება შორს მსროლელი შაშხანები, ნაღმტყორცნები, ცეცხლმტყორცნები და ტყვიამფქვევები. გადაადგილების საშუალებათაგან მნიშვნელოვანია ცხენი და დირიჟაბლი. ამ უკანასკელით შეიძლება მსხვილი ქვედანაყოფის საკმაო მანძილზე შედარებით უსაფრთხოდ გადასროლა.

საერთო-საჯარისო კორპუსი

26

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საერთო-საჯარისო კორპუსი იყოფა სახმელეთო ჯარებად, საზღვაო-საჰაერო ძალებად და სტრატეგიულ ჯარებად. სახმელეთო ჯარებს მეთაურობს ამირსპასალარი. რადგანაც ქართველ ოფიცერთა კორპუსი აღზრდილია როგორც დასავლური, ისე რუსული (საბჭოთა) სისტემით და დასაკარგი არც ერთი ოფიცერი არ გვყავს და თანაც საქართველოში არ გვაქვს არც გაშლილი ტრამალები და არც ქვიშიანი უდაბნოები, უმჯობესია, სახმელეთო ჯარები რომაული ლეგიონების საფუძველზე მოვაწყოთ. საერთოდ, თანამედროვე არმიები, ძირითადად, სწორედ რომაულ პრინციპზეა მოწყობილი, თუმცა, ბუნებრივმა პირობებმა და საზოგადოებრივი წყობის თავისებურებამ წარმოშვა არმიის ორი ტიპი – ეწ. ბრიგადული სისტემა, რომელიც უფრო მთაგორიან რელიეფზეა გათვლილი და ეწ. დივიზიური სისტემა, რომელიც გაშლილ სივრცეზე ბრძოლისთვისაა გამოსადეგი. რამეთუ ჩვენ გვყავს სამთო კორპუსი და არც ტრამალებზე ბრძოლა წარმოადგენს სახმელეთო ჯარების მიზანს, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გადმოვიღოთ რომაული სისტემა (სხვადსხა დროს რომაელებს სხვადასხვა მცირედ განსხვავებული სისტემა ჰქონდათ, ამიტომ მთლად პირდაპირ არ გამოვა) და ჩვენით განვავითაროთ ის. პირველ ეტაპზე სასურველია ჩამოყალიბდეს სამი ლეგიონი: რუსულ ყაიდაზე მოწყობილი წითელი ლეგიონი, დასავლური ლურჯი და შერეული შავი ლეგიონი.

27

    ლეგიონის უმცირესი ერთეულია დეკურია 6-10 მებრძოლისგან შედგენილი ქვედანაყოფი (სტანდარტული დეკურიაში სავარაუდოდ სნაიპერთა, ყუმბარმტორცნთა, მენაღმეთა და მეტყვიამფრქვევეთა წყვილები უნდა შედიოდნენ). მას მეთაურობს დეკურიონი. ჩვენს შემთხვევაში უნდა იყოს აგრეთვე უმცროსი დეკურიონის თანამდებობა, რომელიც იქნება დეკურიონის თანაშემწე. ორი დეკურიისგან შეგდება დეკურიის მანიპულა, რომელსაც უფროსი დეკურიონი ჴელმძღვანელობს. სამი ან მეტი დეკურიისგან შემდგარ ქვედანაყოფს დასტა ეწოდება. მას უმცროსი ცენტურიონი მეთაურობს. 10 დეკურიისგან შედგება ცენტურია ცენტურიონით სათავეში, ხოლო 2 ცენტურიისგან შექმნილი ცენტურიის მანიპულის სათავეში უფროსი ცენტურიონი დგას. 5 ცენტურიისგან შედგება კოჰორტა. მას მეთაურობს ტრიბუნი, ხოლო უმცროსი ტრიბუნი კოჰორტის არტილერიასა და მექანიზაციას ჴელმძღვანელობს, უფროსი ტრიბუნი კი 2 კოჰორტისგან შემდგარ კოჰორტის მანიპულას. ბრიგადა 3 ან მეტი კოჰორტისგან შედგება. მას უმცროსი ლეგატი ჴელმძღვანელობს. ლეგატი კი 10 კოჰორტისგან შედგენილ მთელ ლეგიონს მართავს (ლეგიონში, სავარაუდოდ, 3-7 ათასი ადამიანი იმსახურებს, სტანდარტული ლეგიონის რაოდენობა კი 5 400 მეომარი იქნება), ხოლო ლეგიონის ჯავშან-სატანკო, სარაკეტო-საარტილერიო და საავიაციო ქვედანაყოფებს კვესტორი მეთაურობს.

28

    სახმელეთო ჯარებს გააჩნიათ აგრეთვე სატანკო ბრიგადა, თავისი მოიერიშე ავიაციის მხარდაჭერით, რომელსაც ამილახორი ჴელმძღვანელობს. აუცილებელია აგრეთვე როქის სპის არსებობა დამხმარე ქვედანაყოფების სახით. როქის სპაში უცხოელების გარდა საქართველოს ის მოქალაქეებიც იმსახურებენ, რომლებიც გარკვეული ნიშნით (კრიტერიუმით) გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე როქის სპის რაოდენობა მინიმალური იქნება.

29

    საზღვაო-საჰაერო ძალების მეთაურია ამირბარი. ამირბარს ემორჩილება: საჰაერო თავდაცვის ძალები, რომელშიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სახმელეთო ქვედანაყოფებთან ერთად გაერთიანებული იქნება გამანადგურებელი ავიაცია; სანაპირო თავდაცვის ძალები, რომლის მიზანია სანაპირო ზოლისა და ტერიტორიული წყლის დაცვა; სადესანტო ჯგუფი, რომლის მიზანია შავი ზღვის სანაპიროზე სადესანტო-დივერსიული საქმიანობა.

30

    სტრატეგოსი სტრატეგიული დანიშნულების ჯარების სარდალია. მას ემორჩილება: სამხედრო-კოსმოსური ძალები, რომლის მიზანია კოსმოსზე დაკვირვება, მოწინააღმდეგის კოსმოსური ობიექტების მწყობრიდან დამოყვანა და განადგურება; სტრატეგიული ქვედანაყოფები, ანუ ქვედანაყოფები, რომლებიც გაწვრთნილი იქნებიან სხვადასხვა კლიმატურ პირობებში საბრძოლველად; სტრატეგიული ზემოქმედების სამსახური, აქ შევა შორს მფრენი რაკეტები, სტრატეგიული ბომბდამშენები, მსოფლიო ოკეანის ფლოტილია; სტრატეგიული მარაგისა და სტრატეგიული რეზერვის მომზადების სამსახური, რომელიც მოიმარაგებს ბრძოლისათვის აუცილებელ მარაგს და მოამზადებს პირობებს სტრატეგიული რეზერვის შესაქმნელად; სტრატეგოსის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადმოვა საქართველოს გარეთ გაგზავნილი ყოველი ქვედანაყოფი.

31

    საერთო-საჯარისო კორპუსის ტაქტიკაა შექმნილ ვითარებაზე სწრაფი რეაგირება, რომელიც მიიღწევა მუდმივი საბრძოლო მზადყოფნით და მაღალი მობილურობით. კორპუსის ჴელმძღვანელობა უზრუნველყოფს განათლებას, ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომარაგებას, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში გამართულად უნდა მოქმედებდეს. დაუგეგმავ შერეულ ოპერაციებში, როცა ვერ ხერხდება ოპერატიულ შტაბებთან და გენშტაბთან დაკავშირება, დაახლოებით თანაბარი ძალებისა და თანაბარი წოდების მეთაურთა შორის უპირატესობა ენიჭება საერთო-საჯარისო კორპუსის მეთაურებს, თუ საბრძოლო მოქმედება თვით ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე არ ჴორციელდება.

სახალხო ლაშქარი

32

    სახალხო ლაშქარი ყველაზე მრავალრიცხვოვანია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ის იწყობა ტერიტორიული პრინციპით. უმცირესი ქვედანაყოფია ოცეული, რომელიც ერთი უბნიდან ან ერთი მრევლიდან ყალიბდება. ოცეულის მეთაურიც მათგან გამოირჩევა და გარკვეული მომზადების შემდეგ იკავებს ამ თანამდებობას. ოცეული 16-31 მებრძოლისგან შედგება. სამი ოცეული ჰქმნის ერგასეულს. ერგასეულს ჰყავს უფროსი და მოადგილე, რომლებიც პროფესიონალი ოფიცრები არიან. ორი ერგასეული ჰქმნის ერთ ასეულს. ასეულს ჰყავს თავისი მეთაური, შტაბის და ზურგის უფროსები აგრეთვე გააჩნია საველე სამზარეულო, სამრეცხაო და ლაზარეთი, რომლებშიც ძირითადად მოხალისე ქალები მუშაობენ. ასეული სახალხო ლაშქრის ძირითადი ტაქტიკური ერთეულია და ემორჩილება ტერიტორიული ოლქის სარდალს. ოლქის სარდალს ემორჩილება აგრეთვე სამოქალაქო თავდაცვის სამსახური, რომელიც გეგმავს და მოლაშქრეთა დახმარებით, შესყიდვების საფუძველზე, აჴორციელებს თავშესაფართა ქსელების მშენებლობას და აწარმოებს მოსახლეობასთან მუდმივ მუშაობას სამოქალაქო თავდაცვის დონის ასამაღლებლად.

33

    საქართველოს მასშტაბით მოლაშქრეთა დაახლოებით 1 000-მდე ასეული უნდა არსებობდეს (მეორე ეტაპზე მათი რიცხვი შეიძლება შემცირდეს მოლაშქრეთა კორპუსებში გადანაწილების გამო), სადაც უნდა იმსახუროს 7 000-ზე მეტმა ოფიცერმა უნდა იმსახუროს. ჩვეულებრივი მოლაშქრე გადის სპეციალურ მოსამზადებელ კურსს. შემდეგ კვირის განსაზღვრულ დღეს ცხადდება თავის ოცეულთან ერთად მოსამზადებელ ბანაკში და 24 საათის განმავლობაში იმყოფება ლაშქრის განკარგულებაში, ანუ საჴელმწიფოს მუდმივად კიდევ 20 000-ზე მეტი შეჭურვილი ადამიანი ეყოლება თავდაცვის მიზნების განსაჴორციელებლად.

34

    მოქმედი არმიის მხარდაჭერისას მოლაშქრეთა ასეულები იცავენ ზურგის კომუნიკაციებს და ფრონტის ხაზთან არსებულ ნაკლებად მნიშვნელოვან სიმაღლეებს. ამ შემთხვევაში ერთი ერგასეული იკავებს საბრძოლო პოზიციებს, ხოლო მეორე აჴორციელებს მის მხარდაჭერას. თავის ტერიტორიულ ერთეულში მყოფი მოლაშქრეები იცავენ სტრატეგიულ სიმაღლეებს, საკომუნიკაციო კვანძებს, ხიდებს, გვირაბებს, თავშესაფრების ქსელებს, აჴორციელებენ სამხედრო პატრულირებას. მოლაშქრეები საჴელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებითა და შესაბამისი შეიარაღებით. მათ შეიძლება გადაეცეთ კორპუსებისათვის არასაჭირო არტილერია და ჯავშანტექნიკა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი აღჭურვილობა

და ტაქტიკური ელემენტები

35

    საქართველოს ბუნებრივი პირობებიდან და ზემოთ ნახსენები ძირითადი სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა აღიჭურვონ: შორსმფრენი (მათ შორის ბალისტიკური და ორბიტალური) რაკეტებითა და სარაკეტო დანადგარებით; მართვადი ნაღმების, ასაფეთქებელი მასალებისა და ნაღმტყორცნების დიდი რაოდენობით; ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით; წყალქვეშა ნავებით, ტორპედოებითა და სტაციონარული ტიპის ტორპედოს გამშვებებით; მაღალი გამავლობის ტანკებითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით; საბრძოლო ცხენებითა და სპეციალური მხედრული აღჭურვილობით; დისტანციური მართვის საცეცხლე საშუალებებით და სხვა ტექნიკით; რაც შეიძლება შორს მსროლელი შაშხანებითა და ტყვიამფრქვევევებით; ცეცხლმტყორცნებით; ეფექტური საავიაციო საშუალებებითა და ტრანსპორტით.

36

    რაც შეეხება ბირთვულ შეიარაღებას, ის XX საუკუნეში იყო თავდაცვის ზეეფექტური საშუალება და წარმოადგენდა ეწ. დიდი სტრატეგიის სფეროს (შეკავების პოლიტიკა). XXI საუკუნეში კი სულ უფრო მეტი საჴელმწიფო უახლოვდება ბირთვული იარაღის ფლობის მდგომარეობას და შემდგომში უნდა მოველოდეთ მის უფრო ფართო გამოყენებასაც. ასე რომ, ბირთვული იარაღის ფლობა თავისთავად არ ნიშნავს უსაფრთხოების უფრო მაღალ მდგომარეობას. ის სამხედრო სტრატეგიის სფეროში უნდა მოვიაზროთ, ანუ დავტოვოთ სტრატეგიული ჯარების კომპეტენციაში. ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების არსებობის პირობებში, შესაძლოა, რომ ჩვენს ქვეყანას მეზობლებზე ნაკლები ზიანი მიადგეს. თუმცა, შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ნაწილის ატომური ენერგიით უზრუნველყოფა.

37

    აღმატებული ძალების საქართველოზე თავდასხმისას, აუცილებელია, გამოვიყენოთ გადამწვარი მიწის ტაქტიკა აღმატებით ხარისხში, ანუ მოწინააღმდეგეს არ უნდა დავუთმოთ სტრატეგიული სიმაღლეები, მისი ყველა სავარაუდო მოძრაობის მარშრუტზე უნდა დაინაღმოს ყველა შენობა თუ სხვა ტიპის ნაგებობა, ყველანაირი საშუალებებიდან უნდა მიდიოდეს მოწინააღმდეგისა და განსაკუთრებით, მისი კომუნიკაციების საცეცხლე დამუშავება, უნდა ვეცადოთ, რომ მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო არეალი იყოს რაც შეიძლება ვიწრო. ერთი სიტყვით, უნდა მივაღწიოთ მოწინააღმდეგის ქვედანაყოფების სრულ დემორალიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვაწარმოვოთ შეტევითი ოპერაციები. ზემოთ აღნიშნული მიზნისათვის შეიძლება ფართოდ გამოვიყენოთ შემოტყუების ტაქტიკა, ანუ დავუთმოთ დანაღმული და დაცარიელებული ქალაქები და შემდეგ ავაფეთქოთ და გავანადგუროთ.


დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized